მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების დასაცავად პლატფორმა 26 შექმნეს, რომლის მთავარი ამოცანაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად ფინანსური რესურსის მობილიზება იქნება.
პლატფორმა 26-ში გაერთიანდნენ პლატფორმა გამიყოლე არჩევნებზე, პლატფორმა წინაპრები, პლატფორმა მედგიდი, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი და პლატფორმა ემგიდი.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ემიგრანტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა საკონსულო აღრიცხვაზე წინასაარჩევნოდ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელშეშლა იყო ხელისუფლების მხრიდან და არ გახსნეს უბნები იქ სადაც საჭირო და აუცილებელი იყო ჩვენი ემიგრანტებისთვის, ახლა საერთოდ აპირებენ უბნის გაუქმებას ისრაელში, რაც არის სრული უკანონობა. ამის მიუხედავად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა არის დარეგისტრირებული, რამაც დაგვაყენა ახალი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ადამიანები მივიყვანოთ საარჩევნო უბნებამდე, ვინაიდან ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები არის ჩვენი ემიგრანტებისთვის უცხოეთში.
გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა პლატფორმა 26, რომლის შემადგენლობაში ამ წუთისთვის შევლენ - სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის, ნიკო მანაგაძე - პლატფორმა გამიყოლე არჩევნებზე, ყველასთვის ცნობილი პლატფორმა წინაპრები, რომელმაც დიდი როლი ითამაშა აპრილის აქციებზე, პლატფორმა მედგიდი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა კოვიდის დროს, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი, პლატფორმა ემგიდი და ჩვენ ყველა ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებულნი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბნებამდე, თითოეული ჩვენგანის ამოცანა იქნება რომ დავარწმუნოთ ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, რომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი.
ვაპირებთ მოვახდინოთ ფინანსური რესურსის მობილიზებას, აუცილებლად დაგვჭირდება ფანდრეიზინგი, რათა დავეხმაროთ ემიგრანტებს, რათა არავინ დარჩეს ხმის უფლების გარეშე". - თქვა ემგიდის წარმომადგენელმა, ბაჩანა შენგელიამ.
სოციალურ ქსელში პლატფორმები შეიქმნა არჩევნებისთვის რეგიონებში ამომრჩევლის გამგზავრების უზრუნველსაყოფადაც.
ემიგრანტები არჩევნებზე - 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით მოძრაობა სირცხვილიამ Facebook ჯგუფი შექმნა.





