გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის სურვილი არ გააჩნია.
"ის უარს ამბობს მშვიდობაზე და ყოველ დღე ომისა და განადგურების სასარგებლო გზავნილებს ავრცელებს. ეს პერიოდი, ის იმისთვისაც არ არის მზად, გერმანიის კანცლერს ტელეფონით გაესაუბროს" – თქვა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა "სამართლიანი მშვიდობისთვის" მზად არის და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს დღეს, 11 ოქტომბერს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის მიზანიც არის პარტნიორებს მის მიერ შემუშავებული "გამარჯვების" გეგმა დეტალურად გააცნოს. თავდაპირველად, ზელენსკი გეგმავდა გერმანიაში, რამშტაინის შეხვედრაზე პარტნიორებისთვის გეგმის წარდგენას, თუმცა, აშშ-ში დამანგრეველი ქარიშხლის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვიზიტის გაუქმება მოუწია.
მიუხედავად ამისა, ზელენსკი ლონდონში უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. დღეს უკრაინის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს შეხვდა, ხოლო შემდეგ ზელენსკი გერმანიაში ჩავა.





