გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმის გეგმები განიხილეს.
თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარს ასევე ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეუერთდა, ხოლო ისრაელის პრემიერის უწყების ინფორმაციით, ზარის 45 წუთს გაგრძელდა.
ეს 21 აგვისტოს შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბრის გამართვის პირველი შემთხვევაა იმ ფონზე, როდესაც ისრაელის ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას განიხილავს, რამაც შესაძლოა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვეს.
გამოცემა New York Times-ის ანგარიშის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს მიიტანს.
თუმცა, გამოცემასთან მაღალჩინოსნები ანონიმურად აცხადებენ, რომ ბირთვული ობიექტების ნაცვლად ისრაელის სამიზნე, მეტი ალბათობით, ირანის სამხედრო ბაზები, ან სადაზვერვო, სამმართველო ობიექტები იქნება, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, ისრაელმა მიზანში იმ შემთხვევაში ამოიღოს, თუკი ირანი ისრაელის დარტყმებზე პასუხს გასცემს.
ბოლო კვირებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო.
ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.





