დეპუტატ ბექა ოდიშარიას, ცოლი მაკუნა გამცემლიძე გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და ადასტურებს, რომ ვიდეოში მისი შვილი, ლაშა ოდიშარიაა - როგორც კადრებიდან ირკვევა, დეპუატატის შვილი პოლიციასთან საუბარში საქართველოს პარლამენტს ახსენებს.
"სტუდენტური საცხოვრებელი ნებართვა (Permission) აქვთ, საგარეოსაც ახსენებს, საკონსულოსაც ახსენებს, თუკი სადმე რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებს, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, თავს დაესხათ პოლიცია და იჭერდა.
ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და თუ ნაკლებად აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი" - ამბობს გამცემლიძე სტუდია მონიტორთან საუბარში.
გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქალაქ ჰამბურგში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი ქართველების ჯგუფს აჩერებს, შემდეგ კი დასახმარებლად პოლიციის დამატებით ეკიპაჟს იძახებს. ადგილზე მოსულ პოლიციელებს ქართველი ახალგაზრდები არ ემორჩილებიან და ეუბნებიან, რომ ისინი ჩვეულებრივი ტურისტები არ არიან, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს პარლამენტსაც ახსენებს.
ეს ადამიანი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შვილი, ლაშა ოდიშარიაა.
“ტურისტები ვართ, სტუდენტები [..] პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი [..] პრობლემები გინდათ? მე ახლა დავურეკავ ადვოკატს. უბრალოდ მივდიოდით და გაგვაჩერეთ. გეუბნებით, რომ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები”. - ისმის ჩანაწერში.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ოდიშარიამ და მისმა მეგობრებმა ქუჩაში კონკრეტული ადამიანისგან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, Apple Watch-ები და სუნამოები შეიძინეს, რომლებიც მოპარული აღმოჩნდა. პოლიციას კი მათთვის ამ ნივთების კონფისკაცია სურდა, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ. ჩანაწერის ბოლოს კი ჩანს, რომ ქართველთა ჯგუფი განყოფილებაში გადაჰყავთ.