უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის მახლობლად რუსი ოკუპანტების მიერ 16 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიყო. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ოფიციალურ Telegram-არხზე ავრცელებს.
"2024 წლის 1-ელ ოქტომბერს, Telegram-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა 16 უკრაინელი ჯარისკაცი დახოცეს. ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ შემდგომი ომის დანაშაული პოკროვსკის რაიონის სოფლების, ნიკოლაევკასა და სუხიო იარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიდინა.
ვიდეო, რომელიც მედიაში ვრცელდება, ასახავს, თუ როგორ გამოდიან ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცები ტყიდან და როდესაც ერთ ზოლში დგებიან, მათ ოკუპანტები დასახოცად ცეცხლს უხსნიან. დაჭრილს, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები კვლავ აღენიშნება, ახლო მანძილიდან ხელმეორედ ესვრიან და კლავენ.
ასეთი ქმედებები ჟენევის კონვენციების ცინიკური და უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცების დახოცვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
"ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ომის პატიმართა მკვლელობა და წამება არა შემთხვევითი, არამედ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამიზნული პოლიტიკაა", - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრიი კოსტინი.
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, მან რუსეთის კიდევ ერთი ომის დანაშაულის შესახებ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკვე მიმართა.





