ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების მერებთან საუბრისას თქვა, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ ომში მალე "ახალი ფაზა" დაიწყება.
"ჰეზბოლას წინააღმდეგ ომში ახალი ფაზა მალე დაიწყება. ეს უსაფრთხოების ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და საშუალებას მოგვცემს, მცხოვრებთა სახლებში დაბრუნების მნიშვნელოვანი მისია შევასრულოთ. [...] ჩვენ ამას ვიზამთ. როგორც ერთი თვის წინ აქ ვთქვი, რომ გრავიტაციის ცენტრს ჩრდილოეთისკენ გადავიტანდით, ახლა ამას ვიტყვი: შევცვლით ვითარებას და მოსახლეებს სახლებში დავაბრუნებთ". - თქვა გალანთმა.
მანამდე, გალანთი ლიბანის საზღვართან მობილიზებულ ჯარისკაცებს შეხვდა და თქვა, რომ ისინი ჩრდილოეთ ისრაელში იძულებით გადაადგილებულ პირებს "მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით" დააბრუნებდნენ.
ჯარისკაცებთან საუბრისას გალანთმა თქვა, რომ "ნასრალას განადგურება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ყველაფერი არ არის".
"გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და თუ ვინმე მეორე მხარეს ვერ ხვდება, რას ნიშნავს ყველა საშუალება - ეს ყველა საშუალებაა. [...] ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს, გაკეთდება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ძალას ჰაერში, ზღვასა და მიწაზე". - თქვა გალანთმა.
პარალელურად, გამოცემა Washington Post თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებს.





