არჩევნები 2024

ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნაზე ენმ-ს სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სალომე სამხარაძემ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სარჩელი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

"ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს, აქ, 28-ე დარბაზში სალომე სამხარაძემ, რომელიც არის [ლევან] მურუსიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდ სწორედ იმ ნიშნით, რომ მურუსიძის თანაშემწეა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება.

[...] გუშინ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი". - თქვა ენმ-ს წევრმა, თამარ კორძაიამ.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის გარდა, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) და ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის სარჩელები განიხილება.

მოსარჩელეები დამატებითი უბნების გახსნას მოითხოვენ ესპანეთში, კერძოდ, არნედოსა და ვალენსიაში, საფრანგეთში, სტრასბურგში და იტალიაში, ოსტუნში.

კომენტარები