ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს, სადაც "უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული". ირანის ორმა ოფიციალურმა პირმა ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს უთხრა.
ანონიმური მაღალჩინოსნების თქმით, ირანი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა ჰეზბოლასა და სხვა მოკავშირე დაჯგუფებებთან იმისათვის, რომ ისრაელის მიერ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ "მომდევნო ნაბიჯები განესაზღვრათ".
ცნობისთვის, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელმა ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.
27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.
როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.





