რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: ორივეს ომის დასრულება და სამართლიანი შეთანხმება გვსურს

Julia Demaree Nikhinson/AP

აშშ-ს ყოფილა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ორივეს აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი "სამართლიანი" შეთანხმებით უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ მან ზელენსკისთან ერთად შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შემცვლია აზრი, რომ ორივეს ამის დასრულება გვსურს და ორივეს გვსურს, სამართლიანი შეთანხმება ვიხილოთ. ის აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი და ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება. პრეზიდენტს სურს, რომ ეს (რედ. - ომი) დასრულდეს და სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მას უნდა, რომ სამართლიანი გაცვლა შედგეს. [...] თუ მოვიგებ, ძალიან სამართლიანი და, ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფი შეთანხმება გვექნება". - თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანად დასრულება, ყოფილ პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"ზედმეტად ადრეა, ამის სათქმელად. მე ჩემი აზრები გამაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს [რედ. - ზელენსკის] ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოდგენები. მაგრამ ეს [რედ. - შეთანხმება] სამართლიანი უნდა იყოს". - თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ზელენსკიმ დამატებით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და ომი არ უნდა დაეწყო.

"ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. [...] ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის (რედ. - პუტინი) ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა". - თქვა ზელენსკიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სამართლიანი მშვიდობის საჭიროებაზე.

"ჩვენ სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რომ სამართლიანი მშვიდობა გვქონდეს, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს, რაც დიდი ტრაგედიაა". - თქვა ზელენსკიმ.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მასსა და ზელენსკის შორის შეხვედრა კარგი ნიშანია.

"დღეს კარგი შეხვედრა გვექნება და მგონია ის ფაქტიც კი, რომ დღეს ერთად ვართ, ძალიან კარგი ნიშანია. იმედია, რომ კარგი გამარჯვება გვექნება, რადგან თუკი მეორე მხარე მოიგებს, ვფიქრობ, გამარჯვება ვეღარაფერში იქნება შესაძლებელი, გულწრფელი რომ ვიყო. ასე რომ, დავსხდებით და განვიხილავთ, და თუკი გამარჯვება გვექნება, ვფიქრობ, 20 იანვრამდე, [ჩემს მიერ] პრეზიდენტობის დაკავებამდე გვექნება". - თქვა ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე. 

დღეს, 27 სექტემბერს, გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა.

გუშინ, 26 სექტემბერს, ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს თეთრ სახლში "გამარჯვების გეგმის" განსახილველად შეხვდა, რომლის მიზანიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა

ამავე დღეს ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ზელენსკი გააკრიტიკა ოკუპანტებთან შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის გამო და თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს მალე დაასრულებს. 

ზელენსკიმ კი New York Times-ისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპმა "დიდად არ იცის, როგორ უნდა დაასრულოს ომი".

კომენტარები