ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. PACE-ის დელეგაცია საქართველოში, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით 23-24 სექტემბერს იმყოფებოდა.
ბულაის შეფასებით, საქართველოში "პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს".
წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები ევროპაში საქართველოს ადგილის დაცვაში კრიტიკულ როლს თამაშობს.
შემაჯამებელ შეფასებაში ბულაი ასევე მწუხარებას გამოთქვამს დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული აგრესიისა და დევნის გამო:
"ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში".
განცხადებაში დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვისკენ:
"ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება"- ნათქვამია განცხადებაში.
ბულაიმ ასევე გამოხატა შეშფოთება ოპოზიციის წევრების შევიწროების ფაქტების გამო და მოუწოდა შესაბამის უწყებებს ამ ბრალდებების სრულყოფილად გამოძიებისკენ:
"ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები".
განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეუსაბამობას ევროპულ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია მოუწოდებს მთავრობას, რომ გაიწვიოს კანონი.
"შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი".
ბულაი ასევე აკრიტიკებს მაღალ საარჩევნო ბარიერს, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლოა შეასუსტოს 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა: „ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა შეასუსტოს ამ, 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის, ეფექტი.”
დელეგაციის ხელმძღვანელის რეკომენდაციაა სუპერუმრავლესობის თავიდან ასარიდებლად პარლამენტში პლურალიზმის გაზრდაც: "ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერუმრავლესობების თავიდან აცილება, რაც, თავის მხრივ, კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს".
PACE მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს "თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა მაგალითად ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება". მისი თქმით, ეს უკანასკნელი "სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას".
დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე დაგმო საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილი ცვლილები, მისი თქმით, მიღებულმა ცვლილებებმა "შესაძლოა საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე". ბულაიმ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ "უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა".
განცხადებაში ბულაიმ ასევე ისაუბრა პოლიტიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედიაზე და თანასწორ გარემოზე მათ უარყოფით გავლენაზე.
"ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე".
ევროპის საბჭოს ოფისის ინფორმაციით, ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.





