აშშ-ს სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტებმა 24 სექტემბერს კატარისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება დააანონსეს. გამოცემა Reuters-ის ცნობით, კატარის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშე მოგზაურობა, 90 დღემდე პერიოდით, 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან შეეძლებათ.
"კატარის მიერ უვიზო მიმოსვლის პროგრამის უმკაცრესი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
უვიზო მიმოსვლის პროგრამაში გასაწევრიანებლად საჭიროა, კატარმა დააკმაყოფილოს აშშ-ს მოთხოვნები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოები, იმიგრაცია, დოკუმენტთა უსაფრთხოება, საზღვრის მართვა და სხვა.
კატარი აშშ-ს პროგრამის 42-ე წევრი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იქნება პირველი, რომლისთვისაც აშშ უვიზო რეჟიმს აამოქმედებს.





