ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ეროვნულ მუზეუმში ჩეჩენი სეპარატისტის, შამილ ბასაევის პორტრეტი გამოფინეს, რამაც მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
შამილ ბასაევი 1992 წელს, აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, რუსების მხარეს იბრძოდა, რის გამოც მას ე.წ. უმაღლესი ეროვნული ჯილდო, "აფხაზეთის გმირის" მედალიც გადასცეს. მისი პორტრეტი მუზეუმში სწორედ "აფხაზეთის გმირების" სახელობის გამოფენის ფარგლებში ჩამოკიდეს.
თუმცა იმ მიზეზით, რომ ჩეჩენი სეპარატისტი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების ავტორია, ოკუპირებული აფხაზეთის მუზეუმში მისი პორტრეტის გამოჩენამ რუსული პროსახელისუფლებო Telegram-არხებისა და Z-ბლოგერების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც გამოცემა Эхо Кавказа წერს, არაერთმა რუსმა მეცნიერმა, პოლიტოლოგმა და აქტივისტმა მუზეუმისთვის დაფინანსების შეჩერებაც მოითხოვა.
მოსკოვმა პორტრეტის გამოფენა დაგმო და მას "მიუღებელი" უწოდა.
"ჩვენ აფხაზეთის ეროვნულ მუზეუმში შ. ს. ბასაევის პორტრეტის გამოფენა მიუღებლად მიგვაჩნია". - რუსულ გამოცემა RBK-ს უთხრა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის "საელჩომ".
ამავე გამოცემის ინფორმაციით, "საელჩომ" ამის შესახებ მუზეუმს მიმართა, ხოლო მუზეუმის ხელმძღვანელობამ უპასუხა, რომ "შექმნილ ვითარებას უმოკლეს დროში გამოასწორებდნენ". მედიაში გავრცელებული ცნობებით, მუზეუმი უკვე დაიკეტა.
შამილ ბასაევი შემოქმედია რუსეთის ისტორიაში რამდენიმე ყველაზე მასშტაბური ტერაქტისა. მის სახელს უკავშირდება 1995 წელს ბუდიონოვსკზე თავდასხმა, 2002 წელს დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მძევლების აყვანა, 2004 წლის ბესლანის სკოლის ტერაქტი და 2004 წელს მოსკოვის მეტროსა და თვითმფრინავებში აფეთქებების მოწყობა.
ბასაევი 2006 წელს გარდაცვალებამდე რუსეთში "ნომერ 1-ელ ტერორისტად" იყო გამოცხადებული. იგი მოხსენიებული იყო გაეროს, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტად გამოცხადებულთა სიაშიც.