საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქმით, 2024 წლის ისტორიის მე-12 კლასის სახელძღვანელოების გრიფირების პროცესი, საერთოდ არ გამოცხადებულა, ხოლო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაწერილ ექსკლუზიურ საავტორო მასალასა და რესურსზე "სრული სიცრუეა და ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
აქამდე, ისტორიის მკვლევარი და მასწავლებელი, გიორგი ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ განათლების სამინისტრომ სკოლის ზედა საფეხურის მესამე წლის [მე-12 კლასის] სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი "ბუნდოვანი მიზეზების გამო" შეაჩერა, ხოლო საქართველოს ისტორიისთვის 2024 წელს შედგენილ ექსკლუზიურ მასალა რესურსზე პროექტის ერთ-ერთი რედაქტორი, რუსულ კანონზე ხელმომწერი, ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი იქნება.
განათლების სამინისტროს თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი არასწორად დაიწერება "შეგნებული ტყუილია".
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას!
მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.
წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომელსაც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს - ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.
დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას.
ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებით შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი.
დამხმარე რესურსის პირველი ნაწილი დამუშავდა შესაბამისი კომპეტენციის ისტორიკოსების მიერ, მხოლოდ პირველი სემესტრისთვის და მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისს - 1900-1921 წლებს.
მასწავლებლებისთვის ჩატარდა შეხვედრები და მოხდა მათი დატრენინგება რესურსის გამოყენებაში. შესაბამისად, გამოთქმული ეჭვი, შიში, თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის შეგნებული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.
2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე დაიწყო ყველა საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა სწავლება სკოლებში, მე-12 კლასის ყველა საგნისთვის შეიქმნა მასწავლებლის დამხმარე გზამკვლევი. მათ შორის საქართველოს ისტორიაში.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლებაზე”. - წერია განცხადებაში





