ქუთაისის მერიამ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
კინოფესტივალი ქუთაისში მეოთხედ იმართება. გასული წლებში ღონისძიების გენერალური სპონსორი ქუთაისის მერია იყო.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
წელს, მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა
მაგრამ, დღეს, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა". – წერია კინოფესტივალის განცხადებაში.
წლევანდელ კინოფესტივალს სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, ესპანური კინოს ვარსკვლავი, პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთი მუზა მარისა პარადესი ესტუმრება.
კინოფესტივალის სხვა სპონსორების დახმარებით ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები. ორგანიზატორები ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხის მოპოვებას შემოწირულობებით აპირებენ.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე, ქუთაისის კინოფესტივალმა უარი თქვა კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებაზე.
ქუთაისის რიგით მეოთხე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 4-9 ოქტომბერს არის დაგეგმილი.





