გერმანია

წინასწარი შედეგებით, ბრანდენბურგის არჩევნებში შოლცის სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს

ოლაფ შოლცი
© Xander Heinl/Picture Alliance

გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო (ლანდსტაგის) არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მცირე უპირატესობით გერმანიის მოქმედი ხელისუფლების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მემარჯვენე ალტერნატივა - გერმანიისთვის (AfD) გავიდა

წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმათა 30.9%, ხოლო ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა AfD-მ 29.2%-ის მოპოვება შეძლო. ორივე პარტიამ ბოლო არჩევნებთან შედარებით 5-6%-იანი ზრდა აჩვენა.

მემარცხენე პროკრემლისტურმა პარტიამ, საჰრა ვაგენკნეხტის ალიანსმა (BSW), რომელიც ხშირად მოუწოდებს ბუნდესტაგს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისკენ, წინასწარი შედეგებით ხმათა 13.5% აიღო. 

ხმათა 12.1%-ის დაცვა შეძლო ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ხოლო მწვანეებმა 4.1% მოიპოვეს.  

ცნობისთვის, ალტერნატივა - გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელმაც გერმანიის ადგილობრივი არჩევნების მოგება შეძლო. AfD-მ ლანდსტაგის არჩევნები თიურინგიის შტატში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს მოიგო

AfD თიურინგიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის შტატებში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. 

კომენტარები