ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 19 სექტემბერს, ზუგდიდში, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზატორი და მასში მონაწილე პირები დაასახელა.
"მინდა, გუშინ, ზუგდიდში, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ოცნების დელეგატის, დავით კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ. ოცნების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის პარლამენტის დეპუტატს, ანა წითლიძეს და ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. თავდასხმაში ქართული ოცნების წევრები მონაწილეობდნენ - მათ შორის, ოცნების თანამშრომელი, თეონა ქარდავა [...] მითითებებს იძლეოდნენ: ქართული ოცნების წევრი, გია სალია; ოცნებიდან ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი, დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ". - თქვა ბოკუჩავამ.
შსს-მ ზუგდიდში, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ 19 სექტემბერს, ზუგდიდში, მას და მის თანაგუნდელებს ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
"მოხდა ის, რომ ჩვენს საინფორმაციო ფლაერებს ვარიგებდით და მოსახლეობას ვხვდებოდით, როდესაც ქართული ოცნების 50-მდე წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს, ფიზიკურად შემეხნენ მეც". - ამბობს წითლიძე.
განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების ძალადობისა და საზოგადოების დაპირისპირების კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ზუგდიდში ოცნების დანაშაულებრივი ბანდა თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ანი წითლიძესა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს იმ დროს, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ და მოქალაქეებს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ" - წერია განცხადებაში.





