ზუგდიდში, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ 19 სექტემბერს, ზუგდიდში, მას და მის თანაგუნდელებს ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
"მოხდა ის, რომ ჩვენს საინფორმაციო ფლაერებს ვარიგებდით და მოსახლეობას ვხვდებოდით, როდესაც ქართული ოცნების 50-მდე წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს, ფიზიკურად შემეხნენ მეც". - ამბობს წითლიძე.
განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების ძალადობისა და საზოგადოების დაპირისპირების კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ზუგდიდში ოცნების დანაშაულებრივი ბანდა თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ანი წითლიძესა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს იმ დროს, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ და მოქალაქეებს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ" - წერია განცხადებაში.





