პუტინის რუსეთი

მოსკოვში სასიკვდილო დაპირისპირების შემდეგ, Wildberries-ის დამფუძნებლის ყოფილი ქმარი დააკავეს

კომპანია Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი
Elena Chernyshova/Bloomberg

რუსეთში კომპანია Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკის ყოფილი ქმარი, ვლადისლავ ბაკალჩუკი დააკავეს და მკვლელობაში ბრალი წარუდგინეს მას შემდეგ, რაც 18 სექტემბერს კომპანიის სათავო ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, კომპანიის განცხადებით, შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ვლადისლავ ბაკალჩუკი უძღვებოდა, შენობაში შესვლა ძალით სცადა.

ვლადისლავ ბაკალჩუკის მტკიცებით, მას და მის "გუნდს" თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კომპანიის სათავო ოფისში "საწყობის მშენებლობის საკითხზე მოსალაპარაკებლად" მივიდნენ. თუმცა, ტატიანა ბაკალჩუკმა ეს უარყო და განაცხადა, რომ "მსგავს მოლაპარაკებებზე შეთანხმება არ ყოფილა".

კომპანიაში არსებული დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაფხულში Wildberries-მა კომპანია Russ Group-თან გაერთიანება დააანონსა, რითაც ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა RWB უნდა შეიქმნას. გაერთიანების ფარგლებში Russ Group-ის რობერტ მირზოიანი RWB-ს მთავარი დირექტორ-ხელმძღვანელი გახდება, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი გენერალური დირექტორი.

რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს ორ კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა დაევალა. კრემლის თქმით, გაერთიანების გეგმამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა, კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი პროცესში არ ჩაერეოდა.

ბიზნეს სამყაროში არსებული შეთანხმება, რომელსაც ვლადისლავ ბაკალჩუკი ეწინააღმდეგება, "უცნაურად" დაახასიათეს, რადგან იგი თანასწორთა გაერთიანებად წარმოაჩინეს იმის მიუხედავად, რომ Wildberries-ი კომპანია Russ Group-ს სიდიდით თითქმის 20-ჯერ აღემატება.

ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებს შორის დაძაბულობა ივლისში მომხდარი განქორწინების შემდეგ გაიზარდა. ვლადისლავმა, რომლის თქმითაც Russ Group-ის მიერ "კომპანიის შთანთქმა" მიმდინარეობს, დასახმარებლად საჯაროდ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მიმართა.

კომენტარები