აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და დაზვერვის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის კამპანიიდან მოპოვებული არასაჯარო ინფორმაცია ჯო ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.
FBI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებს წერილები ივნისსა და ივლისში გაუგზავნეს, რომელიც ჰაკერულად მოპოვებული არასაჯარო მასალებიდან "ტრამპის კამპანიიდან ამონარიდს" შეიცავდა.
ამასთან, ჰაკერული ჯგუფი ასევე ცდილობდა ტრამპის კამპანიიდან მოპოვებული მასალების მედიაში გაჟონვას.
როგორც BBC აღნიშნავს, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ მიიღეს თუ არა ირანელებმა რაიმე სახის პასუხი მათგან, ვისაც ეს წერილები გაუგზავნეს.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც მხარდაჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "ირანმა მათ [დემოკრატებს] ყველა სახის დოკუმენტი გაუგზავნა, რადგან ბაიდენი ირანთან ერთად მუშაობს".
კამალა ჰარისის კამპანიის სპიკერმა კი აღნიშნა, რომ მათ წერილების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მას შემდეგ რაც ჰაკერული თავდასხმების შესახებ გაიგეს, გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ.





