უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონი დონალდ ტრამპზე მეორე თავდასხმას გამოეხმაურა.
ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 58 წლის რაიან უესლი რუთია. ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუთი Facebook-ის მეშვეობით უკრაინის ომისთვის მოხალისეებს ეძებდა.
"ეს ადამიანი ინტერნეტის მეშვეობით რამდენჯერმე შეგვეხმიანა. ყველაზე კარგად მის მოწერილს შეესაბამება სიტყვა "ბოდვა". ის გვთავაზობდა არაერთ ახალწვეულს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ გასაგები იყო, რომ მისი შეთავაზებები არარეალისტურია. პასუხიც კი არ გაგვიცია, ის არასდროს ყოფილა ლეგიონის წევრი ან მოკავშირე". – ამბობს უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის კოორდინატორი ალექსანდ შაგური.
15 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.
მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ იგი "უსაფრთხოდ და კარგადაა".
"მე არასდროს შევჩერდები. არასდროს დავნებდები". - დაწერა მან.