ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერმინისტრები, კირ სტარმერი და ჯორჯია მელონი ორშაბათს რომში შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის არაამერიკული წარმოების შორი რადიუსის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემაზე იმსჯელონ. ამის შესახებ გამოცემას ანონიმური წყაროები ეუბნებიან.
წყაროების ცნობით, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრაზე ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთის მიერ ევროპისთვის შექმნილ ჰიბრიდულ საფრთხეებზეც და კიდევ ერთხელ გაიმეორებენ უკრაინისადმი მხარდაჭერას.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანელი მაღალჩინოსნები შემდეგ დღეებში იმავე საკითხის განსახილველად ფრანგ და გერმანელ კოლეგებსაც შეხვდებიან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა კვირას, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემა ჯერ კიდევ განხილვის საგანია. მისი თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ მათ, როგორც უკრაინის მხარდამჭერ მოკავშირეს, [უკრაინასთან] საზიარო გამარჯვების სტრატეგია ჰქონდეთ".
წყაროებზე დაყრდნობით, 15 სექტემბერს სტარმერი და მელონი მიგრაციის პრობლემის დაძლევის გზებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებასაც განიხილავენ.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ და უკრაინისთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე შეზღუდვების მოხსნა განიხილეს.
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.
12 სექტემბერს რუსულ სამთავრობო ტელევიზიაში პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებით ამარაგებენ, ომში ჩაითრევს.
"[...] ეს არ არის უკრაინული რეჟიმისთვის ამ შეიარაღებით რუსეთზე დარტყმების მიტანის ნების დართვა-არ დართვის საკითხი. ეს არის შეკითხვა იმის შესახებ, გადაწყდება თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნები პირდაპირ იყვნენ ჩართული სამხედრო კონფლიქტში". - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, "თუკი [დასავლეთში] ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს NATO-ს ქვეყნების, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირ ჩართულობაზე ნაკლებს არაფერს ნიშნავს. ეს იქნება მათი პირდაპირი მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის არსსა და ხასიათს".