აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის ინფორმაციით, აშშ-მ შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების უფლება მისცეს. მაკკოლს X-ზე გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ჯულიგრეის ბრაფკე ციტირებს.
"მე ვესაუბრე ბლინკენს [აშშ-ს სახელმწიფო მდივანი] 2 დღის წინ. ბრიტანელ კოლეგასთან [დეივიდ ლამისთან] ერთად იგი კიევში გაემგზავრება, რათა, მოკლედ, მათ უთხრას, რომ [რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის გამოყენების] ნებართვა აქვთ" - ჟურნალისტზე დაყრდნობით, თქვა მაკკოლმა.
დღეს, 10 სექტემბერს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დეივიდ ლამიმ განაცხადა, რომ იგი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად კიევში მიმდინარე კვირაში გაემგზავრება.
10 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა. სანქცირებულ სუბიექტებს შორის ირანის მთავარი ავიახაზი, Iran Air-იც იქნება.
"დიდი ალბათობით, რუსეთი ირანისგან მიღებულ რაკეტებს უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი კვირების განმავლობაში გამოიყენებს" - თქვა ბლინკენმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, დეივიდ ლამისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.
ირანმა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის".
თუმცა, ირანელმა პარლამენტარმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.





