რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პარიზის მერის თქმით, რუსი ათლეტები ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე საერთოდ არ უნდა დაეშვათ

პარიზის მერი ენ იდალგო
Teresa Suarez/Pool via REUTERS

4 სექტემბერს პარიზის მერმა, ენ იდალგომ უკრაინისადმი მხარდაჭერა კვლავ გამოხატა და განაცხადა, რომ რუსი და ბელორუსი ათლეტები ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშაც არ უნდა დაეშვათ.

პარიზში პარაოლიმპიურ თამაშებზე 88 რუსი და 8 ბელორუსი ათლეტი ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობს. ამას გარდა, მათი პოდიუმზე გამოსვლა არ იწერება, ხოლო ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ათლეტის მიერ ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში პარაოლიმპიურ ჰიმნს აჟღერებენ.

2023 წელს საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თამაშებიდან რუსი და ბელორუსი ათლეტების სრულად აკრძალვას და მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის ნება დართო. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ოლიმპიადაზეც, რადგან, ოლიმპიური კომიტეტის თქმით, ათლეტები მათი მთავრობების ქმედებების გამო არ უნდა დასჯილიყვნენ.

პარიზის მერმა უკრაინელი მერების დელეგაციას განუცხადა, რომ "ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ნეიტრალური დროშაც არ ყოფილიყო, მაგრამ ეს, სულ მცირე, იმას ნიშნავს, რომ მათ არ აღნიშნავენ".

მას შემდეგ, რაც პარაოლიმპიადაზე თავისუფალი სტილის ცურვაში უკრაინელმა ათლეტებმა, ილია იარემენკომ და ოლექსი ვირჩენკომ, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მათ უარი თქვეს პოდიუმზე ბელორუს ათლეტთან გვერდით დადგომაზე, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. პარაოლიმპიურ თამაშებზე 140 უკრაინელი ათლეტი იღებს მონაწილეობას.

პარიზის პარაოლიმპიადაზე ჩასულ უკრაინის დელეგაციაში ქალაქ პოლტავის მერიც იყო. 3 სექტემბერს რუსეთის მიერ ქალაქ პოლტავის ერთ-ერთ ინსტიტუტზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 271 კი დაიჭრა.

კომენტარები