რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სიიარტო: ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უნგრეთს არ სურს, უკრაინამ მეტი იარაღი მიიღოს, რადგან ეს ომის ესკალაციას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ არ გვინდა უკრაინაში მეტი იარაღი, არ გვინდა კიდევ მეტი სიკვდილი და არ გვინდა ომის ესკალაცია" – თქვა სიიარტომ.

მინისტრების შეხვედრის წინ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდა პარტნიორებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთისგან მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება მისცენ. მისი თქმით, იარაღი "გამოუსადეგარია" თუ მას შეზღუდვებით გადასცემენ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები