გიორგი მიქაუტაძე

ECHR-მა სამართლიანი სასამართლოს დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელშიც მოსამართლე ფიგურირებს

ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელშიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. 

საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტს. არსებული ინფორმაციით, გონიოში, პლაჟზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მიქაუტაძესა და 13 წლის ბიჭსა და მის მშობლებს შორის. მომხდართან დაკავშირებით მოზარდის მშობლები ამბობდნენ, რომ მიქაუტაძემ ბავშვს და მის დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იმავე დღესვე, მიქაუტაძემ პოლიციაში განაცხადა, რომ მასზე აღნიშნულმა ოჯახმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა. მალევე, მოზარდის მშობლები (თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე) სისხლის სამართლის 365-ე მუხლის (სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით მუქარისა ან ძალადობის) ბრალით დააკავეს. მოზარდის მამა ერთ დღეში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო დედა სასამართლოს განხილვამდე, 21 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ხელვაჩაურის რეგიონულმა სასამართლომ განაჩენი 2018 წლის 23 ივლისს გამოიტანა და ხაჭაპურიძე და ხაჩიძე სისხლის სამართლის 239 მუხლით, ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ და ჯამში ორივეს ერთად 3 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ხაჭაპურიძემ და ხაჩიძემ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს და 29 აგვისტოს გამოტანილი განაჩენით, ECHR-მა დაადგინა, რომ მათ წინააღმდეგ დაირღვა ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს შესახებ და ასევე დაირღვა მათი, როგორც ბრალდებულების უფლებები.

შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს 3 თვის განმავლობაში დაევალა ორივე განმცხადებლისთვის 1 000 ევროს და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ნებისმიერი გადასახადის გადახდა, რაც შემდგომ შეიძლება დაემატოს. ასევე, მათ მიერ გაღებული ხარჯებისთვის მათთვის 3 000 ევროს და ნებისმიერი გადასახადის გადახდა, რაც შეიძლება დაემატოს. 

კომენტარები