დღეს, 29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად კვლავ შეკრიბეს. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის თქმით, ჯერ არ იცის, რას სთავაზობენ.
"მოითმინეთ, მე არ ვიცი, რას გვთავაზობს [ხელისუფლება]. რომ გამოვალ, გეტყვით. გავარკვევ, რას გვთავაზობენ და გეტყვით პასუხს, ისე არ წავალ. გითხარით, 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი რა გითხრათ?! მაშინ, რა უნდა ყოფილიყო პატრიარქის პოზიცია? - რაც ხელმოწერილი იქნა, ის იყო" - ამბობს მეუფე გრიგოლი.
ხელისუფლებამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია წარსულში ეწინააღმდეგებოდა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა მედიას უთხრა, "ეს შემოთავაზება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, რათა სწორედ ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, კიდევ უფრო შეეწყოს ხელი".
"რაც შეეხება ფორმულირებას, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, არ არის პრინციპული და არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი". - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
პარალელურად, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ, რომელიც საპატრიარქოს არაოფიციალურ სპიკერად მიიჩნევა, სახელმწიფო სტატუსს ეკლესიისთვის მიუღებელი უწოდა.
"არაოფიციალურ დონეზე იყო გარკვეული კითხვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებისთვის და მისი სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა. [...]
მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარების პროცესს. ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. [...]
რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ეს რისკი არ იყოს, მაგრამ, ზოგადად, ეს გულისხმობს გარკვეულ დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი.
საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც გულისხმობს სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას სახელმწიფოს მიერ - ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. [...] დღეს უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობაა საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მომავალში როგორ იქნება ეს, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს", - თქვა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.