ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, 26 ოქტომბერს "ქუდზე კაცი" გამოვიდეს. მმართველი პარტია რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რატომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
კერძოდ, ქართული ოცნების განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთანავე, ენმ-ს და "ყველა მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიას" არაკონსტიტუციურად გამოაცხადებენ. ასევე, მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საშუალებას მისცემთ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა" უმაღლეს ხარისხში განამტკიცონ.
გარდა ამისა, ქართული ოცნება წერს, რომ "მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში". მათი მტკიცებით, ოპოზიცია "გარე დავალებას შეასრულებს" და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგება.
"არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ" - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.





