სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
ომბუდსმენის მოსაზრებით, რუსული კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი საქმიანობა.
"არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს "კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს.
ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.
შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა" - წერია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის. პირველი განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 29 აგვისტოს იმართება.





