დღეიდან, 27 აგვისტოდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, იოსელიანის თქმით, ცესკო არჩევნებისთვის პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს.
"დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტსა და პოლიტიკურ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, პარტიებს გაუგზავნა. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება". - თქვა იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე სულ 3 030 უბანი გაიხსნება, 2 262 მათგანზე კი ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება.
ცესკოს განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნების გარდა, 26 ოქტომბერს სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური არჩევნებიც ჩაინიშნა.
ასევე, ცესკომ მიიღო განკარგულება საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ.
26 ოქტომბერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად ოფიციალურად დღეს, 27 აგვისტოს გამოცხადდა. სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.