26 ოქტომბერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა. სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნებს გადარჩენის დღე უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ სახლში არავინ დარჩება.
"გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.
დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან.
ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არ მექნებოდა არაფერი სათქმელი.
უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს, დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს.
იზოლაცია. შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვნება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისა.
სამაგიეროდ, ის მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი, ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა - წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მომავალი, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისიფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ბედი, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა და სხვისი აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია, ხილული იქნება ეს თუ უხილავი.
იშვიათად თუ გგქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტოს მშვიდად, გარკვეულად, ომის და დაპირიპირების გარეშე საკუთარი ნების გამოხატვით, სწორედ იმიტომ, რომ ომი არ გვინდა და არც შიდა დაპირისპირება აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი, გამოვხატოთ ხალხის ნება ისე ღიად და ისე ნათლად, რომ ვერავინ სცადოს ამ ნების წინააღმდეგ წასვლა, სტაბილურობა ასე შენარჩუნდება. ეს მოითხოვს ჩვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით მოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარ პასუხისმგებლობის გააზრებას.
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა, მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე, ან იქნება ევროპული, დემოკრატიული თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსულ დაუნდობლობასა და ქართული საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის, არჩევანია რევანშს, დაუნდობლობასა და სასამართლოთი დაცულ ადამიანის უფლებებს შორის.
მცხეთიდან [ქართული ოცნების] საარჩევნო კამპანია გაიხსნა, საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისაუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი, რაღა დარჩებათ თუ არა ერთი უფლება - ქვეყნიდან წასვლის უფლება.
არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის, რუსთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭის და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში და სამყაროში, ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება, ჩვენი გადასაწყვეტია დღეს...
ეს არჩევნები არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არ არის ცალ-ცალკე, ასეთია მოცემულობა, პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ყოფნით იმისთვის, რომ თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად, დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების, სანამ კიდევ გველოდებიან, თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის, ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს - ერთ წელიწადში. შეიცვალოს კლანური მოცემულობა სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა, ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს - პარტნიორებთან ნდობის და საერთო პროექტების აღდგენას და გაწევრიანების მოლაპარაკებების პერსპექტივის დაბრუნებას, ეს არის გეგმა, ერთადერთი გეგმა, რეალური და შესრულებადი, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა შემართების და იმის, რომ ყველანი არჩევნებზე წავიდეთ.
იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს, ეს არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა.
უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია, პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე, და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა, სწორედ ეს - საოცარი რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო.
ეს მათქმევინებს დღეს, რომ მჯერა და მწამს, ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, ეს იქნება დიასპორაში თუ ქვეყანაში.
26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენს საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ თავს ქვეყნის ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს.
ვერავინ ვერ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის" - თქვა პრეზიდენტმა.