არჩევნები 2024

"თავისუფლების მოედანი" ანტიკორუფციულ ბიუროზე: ეს ბრალდებები ყალბი და მავნეა

მოძრაობა თავისუფლების მოედანი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, მათ უწყებისთვის ფინანსების გასაჯაროება დაევალათ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ყალბია.

"ქართული ოცნების დავალებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება Ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე. ქართული ოცნების თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა.

ჩვენი მოძრაობა საზოგადოების ცნობილი წევრებისგან შედგება - ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევარები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მიუძღვნეს. ეს ადამიანები საზოგადოებაში მაღალი სანდოობით სარგებლობენ და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ქართულ ოცნებას აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს-კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების. საზოგადოება კარგად ხედავს ქართული ოცნების მცდელობას, გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის". - წერია მოძრაობის განცხადებაში.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ცნობით, მოძრაობა თავისუფლების მოედნის 24 წევრს, დამფუძნებელ ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის დღეიდან "ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა" ანუ ანტიკორუფციული ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ.

"მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს საჯაროდ აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა". - თქვა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.

კომენტარები