Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია პანდემიის დროს თავის სოციალური მედიის პლატფორმებზე COVID-19-თან დაკავშირებული კონკრეტული მასალის შესაზღუდად მასზე ზეწოლას ახდენდა.
ზაკერბერგის მიერ 26 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში Meta-ს დამაარსებელი წერს, რომ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"2021 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თეთრი სახლიდან, თვეების მანძილზე ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს გუნდზე, რათა შეგვეზღუდა COVID-19-ის შესასებ კონკრეტული მასალა, მათ შორის, იუმორისტული და სატირული შინაარსის. [...] ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან ზეწოლა არასწორი იყო და ვნანობ, რომ ამის შესახებ უფრო ხმამაღლა არ ვისაუბრეთ. ასევე, ვფიქრობ რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებსა ახლანდელი ცოდნითა და ინფორმაციით, დღეს არ მივიღებდით".
თეთრ სახლსა და Meta-ში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
წერილის ადრესატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი თავჯდომარე, ჯიმ ჯორდანია. კომიტეტმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზაკერბერგის წერილს "სიტყვის თავისუფლებისთვის დიდი გამარჯვება" უწოდა და აღნიშნა, რომ ზაკერბერგმა აღიარა, რომ "Facebook-ი ამერიკელებს ცენზურას უწესებდა".