25 აგვისტოს შაორის ახალგაზრდულ ბანაკს პრემიერი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეწვივნენ, სადაც მთავრობის ინფორმაციით, "შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა."
კალაძემ ბანაკის მონაწილეებს მიმართა, რომ გასულ წლებში "სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა", მისივე თქმით, ქართული ოცნების ქალაქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ "რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დაინერგა."
"ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება." - თქვა თბილისის მერმა.
ამასთან ერთად, კალაძემ შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს უთხრა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული ბევრი გამოწვევისა, "მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია."
"მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები." - მიმართა დედაქალაქის მერმა შეკრებილ ახალგაზრდებს.
შაორის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების სამინისტროსგან ფინანსდება, ორგანიზატორი კი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოა.





