ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაცია ჯეოქეისთან ითანამშრომლებენ. ხაზარაძის თქმით, ანალიტიკური ცენტრს ჰყავს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი და გააგრძელებენ ნაყოფიერ მუშაობას.
"დღეს ჩვენ, ძლიერი საქართველოს ლიდერებს გვაქვს შეხვედრა ორგანიზაცია ჯეოქეისთან, ეს არის კომპეტენტური, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო მიმართულებებზე - უსაფრთხოება, ეკონომიკა, ევროპული ვექტორი.
[...] ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ მუშაობას ამ ორგანიზაციასთან. თქვენი ნამუშევარი და თქვენი პროგრამების აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ პროგრამაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ" - თქვა ხაზარაძემ.
ვიქტორ ყიფიანის თქმით, მათი ანალიტიკური ცენტრის საქმიანობამ სრულფასოვნება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსაზრებები იქნება გადათარგმნილი კონკრეტულ პოლიტიკაში.
"ჩვენ ვართ ანალიტიკური ცენტრი, მაგრამ, რასაც არ უნდა ვწერდეთ, როგორც არ უნდა ვწერდეთ, როგორც არ უნდა ვაყალიბებდეთ აზრს, ყოველგვარ ანალიტიკას სჭირდება გაგრძელება კონკრეტული პოლიტიკური აქტორების სახით, ვინაიდან სრულფასოვნება ჩვენმა საქმიანობამ შეიძლება შეიძინოს ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება გადათარგმნილი კონკრეტულ პოლიტიკაში - ეს არის მთავარი, რომ ჩვენ არ მოვიქციოთ თავი აკადემიურ თვითიზოლაციაში.
იშვიათი არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის კულტურა, როცა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ შესაძლოა ყველაფერზე პასუხი არ მქონდეს ჩემს წიაღში და მე მჭირდება მოვიკითხო სხვათა აზრი. [...] ასეთი მიდგომა, ასეთი ფორმატი, ჩვენთვის იყო ორმაგად აღსანიშნი.
[...] როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართვის სტრუქტურებში უსწორობის გასწორებაზე, სწორედ ასეთი ღიაობა, ასეთი ინკლუზიურობა, რაც ქმნის მოძრავი აზრის კულტურას, ეს არის ასევე ჩვენთვის არსებითი. ვაკეთებთ განაცხადს, რომ ამ წიაღში შევქმნათ მოძრავი აზრის კულტურა, რაც უფრო პოპულარული გახდება, ჩვენთვის იქნება მისასალმებელი. ჩვენ ვართ აქ ის ადამიანები, რომლებსაც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის" - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.





