ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზიდან ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრები დაიბრუნეს. როგორც ცნობილია, ცხედრები ნირიმის და ნირ ოზის კიბუცებიდან გატაცებულ ექვს მამაკაცს ეკუთვნის. ისინი ჰამასის ტერორისტებმა კიბუცებიდან 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
51 წლის პოპლველის, 79 წლის პერის და 80 წლის მეცგერის დაღუპვა ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2024 წლის ივნისში დაადასტურეს და მათი ცხედრები ამ დრომდე ღაზაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ხან იუნისში დაიღუპა.
ისრაელის ცნობით, ამ დრომდე ღაზაში 105 მძევალი რჩება და ვარაუდობენ, რომ მათგან 71 ჯერ კიდევ ცოცხალია. ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთის ცნობით, ცხედრების დასაბრუნებლად მათ "კომპლექსური ოპერაცია" ჩაატარეს.





