პარტიის გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე. მეზვრიშვილმა ამის შესახებ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა.
"ოცნებას მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრების საქმეზე. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას". - თქვა მეზვრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პარტიამ 2023 წლის 24 აპრილს დააყენა ინიციატივა ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა.
"პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან ოცნებამ ქოლ-ცენტრების გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო. ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ქოლ-ცენტრების მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის". - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ჰელსინკის კომისიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც [პარტიამ გახარია საქართველოსთვის] საზოგადოებას ცოტა ხნის წინ აცნობა".
"ოცნება მის მიერ შავი ფულით მოსყიდულ ზონდერ-ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა, განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მწვანე აუნთო და ამნისტიით ხელშეუხებლობას დაჰპირდა. 26 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ კორუფცია, შავი ფული და ძალადობა პოლიტიკაში. მოვუწოდებთ ოპოზიციას მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას" - თქვა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გუშინ, 12 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციის შემავიწროებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემით აფინანსებს. კომისიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი.
"ქართული ოცნება შავი ფულითა და ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით ცდილობს დააფინანსოს მისი ოპერაციები ოპოზიციის შესავიწროებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს, ვინ დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან, რომლებიც აფინანსებენ ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ". - დაწერა ჰელსინკის კომისიამ X-ზე.