აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში F-35C-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით აღჭურვილ ავიამზიდ USS ABRAHAM LINCOLN-სა და მართვადი რაკეტებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავ USS Georgia-ს გაგზავნის.
ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა 11 აგვისტოს ისაუბრეს.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა გალანთმა განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მნიშვნელობა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროგრესი, ღაზაში მძევლების გათავისუფლების საკითხი და აშშ-ს ძალისხმევა რეგიონში ირანის და ირანის მოკავშირე სხვა აგრესორების შესაჩერებლად.
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. მცირე ხნით ადრე ლიბანში, ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას სამხედრო მაღალჩინოსანი, ფუად შუქრი.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





