დღეს, 7 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ერგნეთში ჩავიდა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასდროს უნდა შევეგუოთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს.
ზურაბიშვილის თქმით, "ტერიტორიების დაბრუნება და მოსახლეობის გაერთიანება" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების გაძლიერებით უნდა დაიწყოს.
პრეზიდენტი ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმსაც ეწვია.
"მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, ეს არ არის (როგორც ბრძანა, ბატონმა პრემიერმა) მოცემულობა - ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
ტერიტორიების დაბრუნება და მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით - იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ.
მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები [აფხაზეთსა და ოსეთში], რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის.
არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი [ერგნეთი] მთლიანად აღდგენილია “უცხო აგენტების ფულით”, მადლობა მათ". - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.