უკრაინა-საქართველო

უკრაინის საგარეო: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან

mfa.gov.ua

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება საქართველოს სუვერენიტეტსა და 2008 წლის ომს შეეხო.

"2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება" - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ასევე შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის გავლენის ქვეშ ნაცრისფერ ზონად გადაქცევას:

"რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს ეს ტერიტორიები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც სუფევს უკანონობა, უპერსპექტივობა და უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოს შეწყდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვი განაგრძობს ე.წ „ბორდერიზაციას“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ზეწოლას, პროპაგანდას და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდულ მეთოდებს". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც ნათქვამია განცხადებაში, რუსეთის საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესია მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკის და მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევითაა შესაძლებელი რუსული აგრესიის მოსპობა.

"რუსეთის აგრესია საქართველოსა და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის იმ ხანგრძლივი იმპერიალისტური პოლიტიკისა, რომელსაც 21 საუკუნეში ადგილი არ აქვს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლოა დააშოშმინოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა და აიძულოს მას დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და პასუხი აგებინოს რუს დამნაშავეებს ყველა დანაშაულისა და სისასტიკისათვის" - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტო განცხადებაში კვლავ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები