თბილისის მერია ვაკის რაიონში, ანდრია რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
მერიის თქმით, მომხდარ ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის შეჩერების დადგენილება მიიღო, ხოლო მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა.
"გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც.
აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი; ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.
მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
მუნიციპალური ინსპექციის მიერ, მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა". - წერია განცხადებაში.





