ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ლინჩის თქმით, მას შემდეგ, რაც ფილტვების ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს, ის სახლს ვეღარ ტოვებს, რის გამოც, გადასაღებ მოედანზე პირადად ყოფნას ვერ შეძლებს. ინფორმაციას გამოცემა The Independet ავრცელებს.
Eraserhead-ის, Blue Velvet-ისა და Twin Peaks-ის რეჟისორმა კარიერაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ემფიზემა თამბაქოს მრავალწლიანი მოხმარების გამო დაემართა და თუკი ფილმის გადაღებას მომავალში კვლავ გადაწყვეტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გადასაღებ მოედანზე ყოფნას ვერ შეძლებს და პროცესში ჩართვას დისტანციურად შეეცდება.
ემფიზემა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია მოწევით, ჰაერის დაბინძურებით და მტვრისა და ქიმიკატების ზემოქმედებით.





