უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, 5 აგვისტოს უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო.
"ეს შეერთებული შტატების მხრიდან 2024 წელს საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანშია. საერთო ჯამში, წელს უკრაინა პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით სულ 7.8 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, რაც საშუალებას მოგვცემს ეს ფინანსური პერიოდი თავდაჯერებულად გადავლახოთ".- წერს შმიგალი თავის ტელეგრამ არხზე.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გამოყოფილი თანხები მასწავლებლების, საგანგებო სიტუაციების სამსახურების და სხვა საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასებს, დევნილებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებს მოხმარდება.
"გრანტი დაეხმარება უკრაინის მთავრობას აანაზღაუროს პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯები ვალის გაზრდის გარეშე" - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერჰიი მარჩენკომ.





