ინგლისში 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება. 2 აგვისტოს ქალაქ სანდერლენდში დემონსტრანტებმა პოლიციის შენობა დაარბიეს, მის მეზობლად მდებარე შენობა და მანქანები დაწვეს, მეჩეთის გარეთ მობილიზებულ სპეცრაზმს კი ლუდის კასრები და აგურები ესროლეს. ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ნაწილი ისლამოფობიურ და ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობსინსონის მხარდამჭერ სლოგანებს სკანდირებდა.
ნორთუმბრიის პოლიციის თქმით, არეულობის დროს მათი სამი ოფიცერი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი უკვე გაწერეს, ორი კი მკურნალობას აგრძელებს.
ნორთუმბრიის პოლიციის ხელმძღვანელის, ელენა ბარონის თქმით, ოფიცრებს "სრულიად სამარცხვინო" ძალადობასთან მოუწიათ გამკლავება. მისი თქმით, მიმდინარეობს სრული გამოძიება ნებისმიერ დანაშაულებრივ საქციელზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა თქვა, რომ დამნაშავეები, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციას, "ძალადობისთვის ფასს გადაიხდიან".
ეს არის ინგლისის მასშტაბით დაწყებული არეულობის ბოლო ეპიზოდი, რომელიც ორშაბათს, 30 ივლისს, საუთპორტში, 17 წლის თავდამსხმელის მიერ საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამი გოგოს მკვლელობას მოჰყვა.
ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ჰარტპულში, მანჩესტერსა და ალდერშოტში, საუთპორტში დანით თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი ჯგუფები სკანდირებენ ისლამოფობიურ სლოგანებს, რადგან თავდაპირველად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გაერთიანებულ სამეფოში ახლახანს ჩასული თავშესაფრის მაძიებელი იყო.