დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელ კაცმა ჰანიას გლოვაში მონაწილეობის გამო თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარა

თურქეთის საელჩო თელ-ავივში

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის ელჩის მოადგილე საყვედურისთვის დაიბარა, მას შემდეგ, რაც თელ-ავივში მდებარე თურქეთის საელჩომ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო პატივისცემის ნიშნად დროშა ნახევრამდე დაუშვა.

"ისრაელი მშვიდად არ მიიღებს ისეთი მკვლელის გლოვაში მონაწილეობას, როგორიც ისმაილ ჰანია იყო. თუ საელჩოს წარმომადგენლებს გლოვა სურთ, წავიდნენ თურქეთში და იგლოვონ თავიანთ ბატონ ერდოღანთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს და მის ჩადენილ მკვლელობებს". - თქვა კაცმა.

გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასის თეირანში მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიას დაკრძალვის კატარში გასამართი ცერემონიის პარალელურად, თურქეთში გლოვის დღე გამოაცხადა.

მანამდე, ერდოღანმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო და ამ აქტს "ვერაგული" უწოდა.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

კომენტარები