ირანის სამხედრო სტრუქტურაში, ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) აცხადებენ, რომ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობას "მოჰყვება მკაცრი და მტკივნეული პასუხი".
"ირანი და წინააღმდეგობის ფრონტი ამ დანაშაულს უპასუხებს." – ნათქვამია განცხადებაში.
წინააღმდეგობის ფრონტს ირანი რეგიონში საკუთარი მარიონეტული ძალების ერთობას უწოდებს.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს დასჯით ემუქრება.
ჰანია 31 ივლისის გამთენიისას თეირანში აფეთქების შედეგად მოკვდა. ის გასულ დღეს ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ჰანიე წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
ვარაუდების მიხედვით, იერიში ისრაელმა მიიტანა, თუმცა იერუსალიმს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გასულ დღეს ისრაელმა ლიბანში, ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთ უმაღლეს ლიდერზეც, ფუად შუქრიზე მიიტანა იერიში.