ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მისი და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსი. დიალოგში ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანი ზანგეზურის დერეფანს სომხეთისთვის საზიანოდ მიიჩნევს.
ფაშინიანი და ხამენეი ერთმანეთს 30 ივლისს შეხვდნენ. სომხეთის ლიდერი ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა.
"[აიათოლა ხამენეიმ] ხაზი გაუსვა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას და დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ზანგეზურის დერეფანს სომხეთისთვის საზიანოდ განიხილავს და კიდევ ერთხელ იმეორებს ურყევ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით." – წერია განცხადებაში.
ზანგეზურის დერეფნის გაყვანას აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე წელია რაც ითხოვს. ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად რჩება. ბაქოს სურს, რომ ამ პროექტის შესრულების შემთხვევაში, სომხეთმა გამავალი ტვირთი არ გააკონტროლოს. ერევანში ეს საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნიათ. დერეფნის პროექტის შესრულების შემთხვევაში გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე გაივლის და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დააკავშირებს. დერეფანი იქნება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო.
ირანელ მაღალჩინოსნებს ზანგეზურის დერეფნის საწინააღმდეგო პოზიციები აქამდეც აღუნიშნავთ.
ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში იმუქრებოდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფანს ძალით გაიყვანდნენ.