სპეციალურ დავალებებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ელჩინ ამირბაიოვის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის ფარგლებში დოკუმენტიდან ზანგეზურის დერეფნის სადავო საკითხი ამოიღეს.
ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომლის შესრულებასაც ბაქო რამდენიმე წელია ითხოვს, ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დაკავშირებას. გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე უნდა გასულიყო. აზერბაიჯანს სურდა, რომ ამ გზაზე სომხეთს გადატანილი ტვირთები არ გაეკონტროლებინა, რასაც ერევანში საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვამდნენ.
ამირბაიოვის თქმით, ზანგეზურის დერეფნის საკითხი ამოიღეს, რათა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გართულება არ სურთ. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება საკითხი, რომელსაც შესაძლოა მომავალში დაუბრუნდნენ.
"საერთო შეთანხმების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ ეს პუნქტი სამშვიდობო შეთანხმებიდან ამოგვეღო და მას მომდევნო საფეხურებზე დავუბრუნდებით. არ მსურს სამშვიდობო შეთანხმების დასრულების კიდევ უფრო გართულება. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამის ტექსტიდან ამოღება, მაგრამ მაინც შეგვიძლია ტექსტში ავსახოთ ფაქტი, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნები შესაძლოა განხილვის რაღაც ეტაპზე დაუბრუნდნენ და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას." – თქვა ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით.
როგორც რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი სამსახური წერს, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას უახლოვდებიან, თუმცა პრობლემური რჩება სომხეთის კონსტიტუციის პუნქტი, რომლის ცვლილებასაც ალიევი ითხოვდა. კონსტიტუციის ერთ-ერთ პუნქტში ნახსენებია მთიან ყარაბაღთან "გაერთიანება". სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებდა, რომ მზადაა ამ ჩანაწერის ცვლილებისთვის. თუმცა, RFE/RL-ს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერევანში უმრავლესობა კონსტიტუციის ცვლილების წინააღმდეგია.
2024 წლის აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. პროცესი ტავუშის პროვინციიდან დაიწყო. აქ სომხეთი აკონტროლებდა 4 სოფელს, რომლებიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შედიოდა. სოფლები ერევანმა ბაქოს დაუბრუნა. ამ პროცესს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებს ტავუშელი მთავარეპისკოპოსი უძღვებოდა.
ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში იმუქრებოდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფანს ძალით გაიყვანდნენ.