ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა არაბულენოვან ირანულ მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ თეირანი არ დაუშვებს სომხეთთან დამაკავშირებელი გზების დახურვას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ზანგეზურის დერეფანზე, რომლის გაყვანაც სომხეთის სამხრეთ საზღვარზე აზერბაიჯანს სურს, რათა ქვეყნის ძირითადი ტერიტორია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქედან კი თურქეთს დაუკავშირდეს.
"დამასკოსა და ბეირუთში ვიზიტის დროს მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ ვერავინ დახურავს საზღვრებსა და კომუნიკაციის ხაზებს ქვეყნებს შორის და ეს საკითხი წამოვჭერი ზანგეზურის დერეფანზეც. მივედით იმ დონეზე, როცა კავკასიის რეგიონში ირანსა და სომხეთს შორის ისტორიული და ტრადიციული გზების დახურვის გეგმა მუშავდება. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არ დავუშვებთ ირანსა და კავკასიის ამ რეგიონს შორის ამ ისტორიული და საკავშირო გზების დახურვას თუ შეზღუდვას, არცერთი პროექტის გავლენის ფარგლებში". – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში ამბობდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფანს ძალით გაიყვანდნენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ მიეღწიათ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დარეგულირდებოდა ზანგეზურისა და ლაჩინის დერეფნის საკითხები, თუმცა ეს ინტერესების აცდენის გამო ვერ შეძლეს. ლაჩინის გზა სეპარატისტული ყარაბაღისა და სომხეთის ტერიტორიის ერთადერთი მაკავშირებელია.
აზერბაიჯანს სურს, რომ სომხეთის სამხრეთში, სიუნიქის ოლქში, რომელიც ირანს ესაზღვრება, საზღვარზე საავტომობილო და სარკინიგზო დერეფანი შექმნას.