ტაილანდის ხელისუფლების თქმით, ციანიდით მოწამვლის შედეგად დედაქალაქ ბანგკოკის ერთ-ერთ სასტუმროში 6 ადამიანი დაიღუპა. ცხედრები ნომერში 16 ივნისს, გვიან ღამით იპოვეს.
პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულების ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს როგორც გვამების გაკვეთის დროს, ისე ძვირადღირებული სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომრის ჩაიდანსა და ჭიქებზე, სადაც დაღუპულთა ცხედრები იპოვეს.
ტაილანდის პოლიციის მტკიცებულებათა ოფისის მეთაურის, ტრირონგ ფივპანის თქმით, დადგინდა, რომ სასმელში ციანიდი დაღუპულთაგან ერთ-ერთმა შეურია.
პოლიცია იძიებს, საიდან მოხვდა სასტუმროს ნომერში საწამლავი. მათი თქმით, დაღუპული სამი კაცისა და სამი ქალის ნათესავების გამოკითხვებიდან ცნობილი გახდა, რომ მათ შორის იყო დავა ინვესტიციასთან დაკავშირებულ დავალიანებაზე.
დაღუპულები ეთნიკურად ვიეტნამელები იყვნენ. მათგან ორს აშშ-ს მოქალაქეობა ჰქონდა. ტაილანდის პოლიციის თქმით, საქმის გამოძიებაში ჩართულია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI).
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მიმდინარე გამოძიებას, რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ, თვალს ადევნებენ.
ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაღუპულთაგან ოთხი ვიეტნამის მოქალაქეა და ტაილანდში მათი საელჩო გამოძიებასთან მჭიდრო კოორდინაციაშია.
სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ი, რომელსაც 350-ზე მეტი ნომერი აქვს, მდებარეობს ქალაქის პოპულარულ ტურისტულ უბანში, რომელიც ცნობილია ძვირადღირებული სავაჭრო ადგილებითა და რესტორნებით.





