საქართველოს პარლამენტი

დავით სონღულაშვილი ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარსდგა - პარლამენტი

დავით სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი  საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარდგა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას "ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენდა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა თქვა, "ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ამოცანებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ ხელოვნური ინტელექტი განისაზღვრა".

"რადგან ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე და მის ეფექტურ განვითარებაზე საუბარი ხელოვნური ინტელექტის გარეშე.

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში იქმნება კომპეტენციის ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ყველა სექტორში. ასევე, მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, როგორც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტის გზების მოძებნას მათი საჭიროებებიდან თუ გამოწვევებიდან გამომდინარე, ასევე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიასა და ეროვნული ხედვის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოაქვს. ჩვენი ქვეყანა მზად არის იყოს იმ გლობალური პროცესების თანამონაწილე, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის ცნობით.

კომენტარები